ცოდნიკო
← მთავარი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლდა: 2026-10-27

მოკლედ

ცოდნიკო ბავშვებისთვისაა, ამიტომ მონაცემებს მინიმუმამდე ვამცირებთ. არ გვაქვს რეკლამა, აპლიკაციაში არ ვიყენებთ მესამე მხარის ანალიტიკას და ბავშვის რეალურ სახელს არ ვითხოვთ.

რას ვაგროვებთ

  • მშობლის ელფოსტა და პაროლი — ანგარიშისთვის. პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით (argon2id), ღია ტექსტად არასოდეს.
  • მშობლის სახელი — არასავალდებულო. თუ შეავსებთ, მხოლოდ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ წერილში სახელით მოგმართოთ; ცარიელი ველი ანგარიშს არაფერს უშლის.
  • ბავშვის მეტსახელი და დაბადების წელი — პროფილის გასარჩევად და დავალებების ასაკზე მოსარგებად. რეალური სახელი არ გვჭირდება.
  • სასწავლო პროგრესი — რომელ დავალებას როგორ უპასუხა ბავშვმა და რამდენ ხანს ისწავლა. ეს მშობლის სივრცეში ჩანს.
  • მიმართვა, თუ თავად მოგვწერეთ — სათაური, ტექსტი, თქვენი ელფოსტა და აპლიკაციის ვერსია, რომ პრობლემა ვიპოვოთ.
  • საიტის ფორმიდან გამოგზავნისას დამატებით ვინახავთ IP მისამართს — სპამისგან დასაცავად. სხვა მიზნით არ გამოიყენება და ანგარიშის წაშლისას იშლება.

რას არ ვაგროვებთ

  • ლოკაციას, კონტაქტებს, კამერას ან მიკროფონს — აპლიკაცია ამ უფლებებს არ ითხოვს.
  • რეკლამის იდენტიფიკატორებს — რეკლამა არ გვაქვს.
  • მესამე მხარის ანალიტიკას აპლიკაციაში — აპის სტატისტიკა მხოლოდ ჩვენს სერვერზე მუშავდება.
  • ბავშვის რეალურ სახელს, ფოტოს ან საკონტაქტო მონაცემებს.

საიტის სტატისტიკა

codniko.ge-ზე ვიზიტების დასათვლელად ვიყენებთ Vercel Web Analytics-ს. ის cookie-ს არ იყენებს და კონკრეტულ ადამიანს ვერ ამოიცნობს: ითვლის, რომელი გვერდი გაიხსნა, საიდან მოხვდით, ქვეყანას, ბრაუზერსა და მოწყობილობის ტიპს. ვიზიტორის დასათვლელი დროებითი იდენტიფიკატორი 24 საათში ავტომატურად იშლება. ადმინისტრაციულ გვერდებს და პაროლის აღდგენის ბმულს სტატისტიკაში არ ვაგზავნით. აპლიკაციაში ეს სერვისი არ გამოიყენება.

სად ინახება

სასწავლო პროგრესი პირველ რიგში თავად მოწყობილობაზე ინახება, დაშიფრულ ბაზაში. როცა ინტერნეტია, ის სინქრონიზდება ჩვენს სერვერზე, რომ მშობელმა ნებისმიერ დროს ნახოს და მოწყობილობის დაკარგვისას არ დაიკარგოს. ტელეფონზე მონაცემები ანგარიშის ჭრილშია: სხვა ანგარიშით შესვლისას ლოკალური ასლი იშლება.

ელფოსტის გაგზავნა

სისტემურ წერილებს — პაროლის აღდგენის ბმულს და პაროლის შეცვლის შეტყობინებას — გიგზავნით ფოსტის სერვისის (Resend) მეშვეობით. მას გადაეცემა მხოლოდ თქვენი ელფოსტის მისამართი და წერილის ტექსტი. სარეკლამო ან საინფორმაციო წერილებს არ ვაგზავნით.

შეხსენებები

მშობელს შეუძლია ჩართოს დღიური შეხსენება: დღეში არაუმეტეს ერთი შეტყობინება დაახლოებით 18:30-ზე, თუ ბავშვს იმ დღეს არ უთამაშია. ჩართვა ნებაყოფლობითია, ხდება მშობლის სივრცეში (Parent Gate-ის უკან) და პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს გამოირთვება. შეტყობინების ტექსტი ზოგადია და ბავშვის სახელს არ შეიცავს.

  • iPhone-სა და iPad-ზე ჩვენს სერვერზე ვინახავთ Apple-ის შეტყობინების ტოკენს და მოწყობილობის დროის სარტყელს (მაგ. Asia/Tbilisi). შეტყობინებას ჩვენი სერვერი უშუალოდ Apple-ის სერვისით (APNs) უგზავნის, მესამე მხარის SDK-ს გარეშე. ასევე ვინახავთ, გაიხსნა თუ არა შეტყობინება.
  • Android-ზე შეხსენებები მოწყობილობაზე ლოკალურად იგეგმება: შეტყობინების ტოკენი არ არსებობს და Google-ის push სერვისს არ ვიყენებთ. სერვერზე მხოლოდ ვინახავთ, რომ შეხსენება ჩართულია (მოწყობილობის შემთხვევითი ნომრით, რომელიც რეკლამის იდენტიფიკატორი არ არის, და დროის სარტყლით) და ვითვლით შეხსენებიდან აპის გახსნას.
  • ანგარიშის წაშლისას ტოკენები და ჩართულობის ჩანაწერები იშლება. გაგზავნისა და გახსნის სტატისტიკის ჩანაწერებში ელფოსტა არ ინახება და ისინი ანგარიშის გარეშე ანონიმურად რჩება.

ბავშვის უსაფრთხოება

ბავშვის სივრცეში არ არის გარე ბმულები, ჩატი, სოციალური ქსელი ან შესყიდვა. პარამეტრები და მშობლის სივრცე დაცულია მშობლის შემოწმებით (Parent Gate).

წაშლა და კონტაქტი

ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თავად აპლიკაციიდან: მშობლის სივრცე → პარამეტრები → „ანგარიშის წაშლა“. წაშლა მაშინვე სრულდება და თან მიჰყვება ბავშვების პროფილები, პროგრესი, მოვლენები და თქვენი მიმართვები — როგორც სერვერიდან, ისე ტელეფონიდან. კითხვების შემთხვევაში: hello@codniko.ge.